აბანოთუბანში, იმ რელიქვიურ ნანგრევებში, სადაც ტფილისის ლეგენდა აღმოცენდა, კომფორტული და ელეგანტური რესტორანი - “პურის სახლი” დაგხვდებათ ქართული, ტრადიციული სუფრით, ქალაქური ფოლკლორით და არისტოკრატული შარმით...


”პურის სახლი” არ არის უბრალოდ რესტორანი. ეს ერთგვარი სახლია, სადაც მზეზე დამწიფებული ხორბლის, მდინარეზე დატრიალებული წისქვილის დოლაბის და თონეში ჩაკიდებული ხაბაზების რომანტიკა ტრიალებს.

 

სხვაგან ალბათ, ძნელად იპოვით ისეთ სანახაობას როგორიც ”სათონე”-ში დაგხვდებათ. დარბაზის შუაგულში, თქვენს თვალწინ, ქართული ტრადიციული პური - შოთი, ლავაში, მადაური, ბასილა, ლეჩხუმური ლობიანი და ხაჭაპური, მჭადი და კუბდარი ცხვება, ძველებურ ღია თონეში იწვება მწვადი, გოჭი, წიწილა, ბოსტნეული.

 

დარბაზის ინტერიერის ნაწილი ხდება ხედი ძველ თბილისსა და მტკვარზე რომელიც ტერასიდან იშლება, ჭადრების ხეობა, მეტეხის ტაძარი, კლდეზე შეკიდული სახლები და ძველი თბილისის აურა, რომელიც სულ სხვაგვარ ელფერს სძენს ”სათონე”-ში გატარებულ საღამოს.

 

დარბაზი “სათავადო” მოგხიბლავთ არისტოკრატიულობით. მის სადა ინტერიერში, შეულესავი აგურის ფაქტურასთან დაშვებული, ჰაეროვანი ფარდების ესთეტიკა, ძვირფასი ფაიფურის ჭურჭელი, მდიდრული ჭაღები და ქართველი თავადების ფოტოები, ალექსანდრე როინაშვილის უნიკალური ფოტოკოლექციიდან, ქმნის თანამედროვე კლასიკური სტილის და მე-19 საუკუნის ელიტარული დარბაზული საღამოების რომანტიკის იდეალურ სინთეზს.